Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” წარმატებით დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2022 წლის 4 ნოემბერს, გაიმართა მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”, რომელიც მიეძღვნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილეს.
 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების 114-მა პროფესორ-მასწავლებელმა და დოქტორანტმა, რომელთაც წარმოადგინეს 79 სამეცნიერო ნაშრომი.
 

პლენარულ სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს აქტიურობისთვის და უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს სტუმრობისათვის. მან ასევე სინანული გამოთქვა, რომ ევროპელი კოლეგების გარკვეულმა ნაწილმა, რეგიონში არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, თავი შეიკავა საქართველოში ვიზიტისგან.
 

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და ვრცელი სიტყვით მიმართა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ. მან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს მიულოცა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილე, გაიხსენა ეკონომიკის როლი საქართველოს ისტორიაში და ხაზი გაუსვა ეკონომიკური კვლევების მნიშვნელობას, გლობალური გამოწვევების პირობებში. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.
 

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეოგზავნილის საშუალებით გულითადად მიესალმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი. მან განსაკუთრებულად აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილე და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა.
 

პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ:
ვლადიმერ პაპავა - აკადემიკოსი, პროფესორი - თემაზე: გლობალიზაციის ფუნქციონალური ტიპების შესახებ;
ლია ძებისაური -ასისტენტ პროფესორი - თემაზე: რუსეთზე დამოკიდებულება - სტატისტიკურად კრიტიკული საქონელი.
 

პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 14 სექცია. დღის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი სხდომა, რითაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა.